‘’ქალი, მწვანე ხალათში და სამედიცინო აღჭურვილობით ხელში’’

Standard

ავტორი: ნატა ხინთიბიძე

მანქანა დაძვრისთანავე სწრაფად მიდის. მისი სიგნალის ხმა ირგვლივ გამაყრუებლად ისმის , ხოლო მისი განათების ორად გაყოფილი ნაწილები  სწრაფად და გაუჩერებლად ანაცვლებენ ერთმანეთს. სიგნალის ხმა და ცისფერი განათებების ციმციმი  სასწრაფო დახმარების მოსვლას გაუწყებს.

სამუშაო დღეს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ექიმი, ნ.დ. დილის 9 საათზე იწყებს. ჯერ თანამშრომლებს ესალმება, მერე რაციით გამოძახებაზე მისი ჯგუფის წასვლას გადასცემს,  სამედიცინო აღჭურვილობს იღებს და პაციენტთან მძღოლთან და ექთან თინიკოსთან ერთად მიდის. 8 წლის წინ სამედიცინო უნივერსიტეტში დახეული ჯინსებითა და კედებით მისულ ნ-ს, ახლა  მის ტანზე მორგებული მწვანე ხალათი აცვია.

სასწრაფოს მანქანის უკანა კარი იღება და ექიმები მანქანაში სწრაფად, მაგრამ აუღელვებლად ადიან. მანქანის უკანა ნაწილში მედიკამენტების სუნი განსაკუთრებით იგრძნობა. მანქანაში ორი სკამი, საკაცე და სამედიცინო აღჭურვილობა დევს.

ნ.დ. ექთანს ასვლისთანავე პაციენტის შესახებ ესაუბრება და  თან მედიკამენტებს ამზადებს:’პაციენტს გული წაუვიდა. გვითხრეს, რომ 50 წლის ქალბატონია, რომელსაც გული აწუხებს და მსგავსი რამ ხშირად მოსდის’’

სასწრაფოს მანქანა დანიშნულების ადგილზე 20 წთ-ში მიდის. ექიმები პაციენტთან ადიან და 15 წუთის შემდეგ, გაღიმებული სახეებით ჩამოდიან. ‘’ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რა კარგია’’-ამბობს ნ.დ. და რამდენიმე წუთში ისევ სამუშაო ოთახში ბრუნდება.

თეთრად შეღებილ სამუშაო ოთახში რამდენიმე მაგიდა და სკამი დევს. ოთახს ექიმებით სავსეს იშვიათად ნახავთ. გამოძახებების სიმრავლის გამო ის უმეტესად ცარიელია. შესვლისთანავე ყურადღებას მაგიდაზე დადებული რაცია იქცევს , რომელიც ჩუმად იშვიათადაა და მისგან ხმა შიშინით წამდაუწუმ  ისმის‘’გამოძახება პეკინზე. 30 წლის ქალბატონი. ზუსტი მისამართი…..’’-ისმის რაციიდან.  ამჯერად გამოძახებაზე სხვა ექიმი, ექთანი და მძღოლი მიდის. ისინი ნაბიჯს უჩქარებენ, სასწრაფოს მანქანაში მალევე სხდებიან და მანქანის მანათობლის ხმა უფრო და უფრო შორიდან ისმის.

ნ.დ თბილისში დაიბადა. ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა ,  თუმცა ასაკის მატების შემდეგ ბალერინობა გადაიფიქრა.  მას მეგობრის  დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა  ექიმობა მტკიცედ გადააწყვეტინა.

‘’ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. 15 წლის ვიყავი , როცა ჩემი საუკეთესო მეგობარი ავტოსაგზაო შემთხვევით გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ შემთხვევის შემდეგ ვთქვი , რომ კარგად ვისწავლიდი, ექიმი გავხდებოდი და ადამიანების გადარჩენას შევეცდებოდი. ასეც მოხდა.’’-ამბობს ნ.დ.

ნ.დ სამედიცინო უნივერსიტეტში 12 წელი სწავლობდა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, რამდენიმე წელი თავისი პროფესიისგან განსხვავებული იმიჯით -დახეული ჯინსებითა და კედებით,  უნივეტსიტეტში ხშირად დადიოდა.

‘’ნანა პირველივე დღეს თავისი ჩაცმულობით დამამახსოვრდა. ახლა ვიცი, რომ დახეული ჯინსებითა და კეტებით უნივერსიტეტში სიარული შესამჩნევი და გასაკვირი არ არის, თუმცა მსგავსი ჩაცმულობა 20 წლის წინ შესამჩნევი იყო. მერე უკვე ნანა სწავლით დაგვამახსოვრდა. თავს არ ზოგავდა და სწავლისთვის გართობაზე უარს ბევრჯერ ამბობდა.’’-ამბობს ნ.დ-ს უნივერსიტეტის მეგობარი

როგორც ნ.დ ამბობს, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა ბევრ დროს, სწავლას, შრომას და მონდომებას მოითხოვდა. უნივერსიტეტის წლებიდან ყველაზე კარგად წყნეთის ბავშვთა სახლში გატარებული დრო ახსენდება.

‘’სწავლის პერიოდში ხშირად იყო შემთხვევა,როცა სტუდენტებს ჯგუფებად გვყოფდნენ და წყნეთის ბავშვა სახლში მივყავდით. იქ ბავშვებთან ურთიერთობა და მათთვის სამედიცინო კონსულტაციების ჩატარება გვევალებოდა. ჩემთვის ეს იყო პირველი გამოცდილება,რომელმაც ბევრი რამ მასწავლა’’

საღამოს 7 საათია და  ნ.დ-ს ბრიგადას ავარიის შესახებ ატყობინებენ. რაცია თავის დანიშნულებას ისევ ასრულებს და  ხმა მისგან შიშინით ისევ ისმის: ‘’ავტოსაგზაო შემთხვევა. დაშავებულია ერთი ადამიანი. სავარაუდო დიაგნოზი- ფეხის მოტეხილობა. მისამართი.. იჩქარეთ’’ . ნ.დ სამედიცინო აღჭურვილობას იღებს და მანქანისკენ სწრაფად მიდის. სასწრაფო მანქანის მანათობელი ირთვება და ის მიმდებარე ტერიტორიას მალევე ტოვებს.

გზაში საცობია და გზას ვერავინ უთმობს. მანქანების, სასწრაფოსა და პატრულის სიგნალების ხმა ერთმანეთში ირევა. უკვე 10 წუთი გავიდა , თუმცა მანქანები ადგილიდან ოდნავ თუ იქნებიან დაძრულები. ნ.დ ხან დგება და მძღოლს ეძახის იქნებ როგორმე გახვიდეო, ხან კი ფანჯრიდან საცობის მდგომარეობას ადევნებს თვალს. ‘’პიკის საათია. ამ დროს ქალაქში საშინელი საცობებია, მაგრამ რა ვქნა?! ავარიაა და დაშავებული ადამიანია. მალე უნდა მივიდეთ’’  . ნ.დ თავის ადგილს უბრუნდება, მარჯვენა და მარცხენა ხელს ერთმანეთში ათავსებს და თითებს გაუჩერებლად ამოძრავებს.

‘’აი,  ცოტაც და გავალთ. გუშინ ერთ-ერთი ქვეყნის საცობის ვიდეო ვნახე. დიდი საცობი იყო, თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანა   რომ გამოჩნდა,  თითოეული მანქანა გვერდით გაიწია და სასწრაფო დახმარების მანქანა გაატარეს. აქ კი რა ხდება.  უფ, როგორც იქნა, გავედით. დამშვიდდი, მალე მივალთ’’.

სასწრაფო ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე 5 წთ-ში მივიდა. ირგვლივ სამი პატრულის მანქანა, ავტსაგზაო შემთხვევით დაზიანებული მანქანები და  50-მდე ადამიანია.  მანქანას ძრავი ჯერ კიდევ არ აქვს გამორთული, რომ ნ.დ მანქანიდან ხტება და დაშავებულისკენ მირბის. პაციენტს ქვედა კიდურის მოტეხილობა და მცირედი სისხლდენა აქვს. ‘’ გამაყუჩებელი სწრაფად გაამზადე’’ – ეუბნება ნ.დ ექთანს, თვითონ კი პაციენტისთვის სისხლდენის შეჩერებას ცდილობს.

მოტეხილ ფეხს ადგილზევე უფიქსირებენ და სისხლდენას უჩერებენ. საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ ნ.დ ამბობს , რომ პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო.

‘’საკაცე მოიტანეთ და დამეხმარეთ, თუმცა ძალიან ფრთხილად. ფეხი აქვს მოტეხილი. ქირურგიულ ცენტრში უნდა გადავიყვანოთ’’.

ნ.დ სასწრაფოში უნივერსიტეტიდან მოხვდა.  სტუდენტობის პერიოდში სასწრაფოში პრაქტიკანტად გაუშვეს, ცოტა ხნის შემდეგ კი – ხელფასი დაუნიშნეს. მისთვის ერთადერთ დაბრკოლებას – დრო წარმოადგენდა. სამსახურში დიდი ხანი იყო , თავისუფალ დროს მეცადინეობდა და მეგობრების ნახვას იშვიათად ახერხებდა. როგორც თვითონ ამბობს , ექიმობას მხოლოდ ექიმად ყოფნის სურვილი არ კმარა. ამისთვის ბევრი სწავლა, საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა და საექიმო მოღვაწეობისადმი მოწოდებაა საჭირო.

„ერთმა პროფესორმა თქვა და სრულიად ვიზიარებ მის აზრს:  ჭეშმარიტი მოწოდება პრაქტიკული საექიმო მოღვაწეობისადმი აუცილებლად უნდა გქონდეს, რათა  სულიერი წონასწორობა ცხოვრების სხვადასხვა არახელსაყრელ პირობებში შეინარჩუნო.”-ამბობს ნ.დ

სამორიგეოში ახალი შეტყობინება შემოდის: ‘’…. ნასვამი კაცია უგონოდ. ასაკი….’’ . ადგილზე მისვლას დაახლოებით 7 წუთი სჭირდება. ნასვამი კაცის თავი კიდევ უფრო ნასვამ კაცს უჭირავს, ირგვლივ თვალებს აცეცებს და დაუსრულებლად იმეორებს : ‘’არადა ბევრი არ დაგვილევია.მხოლოდ 6 ჭიქა არაყი დავლიეთ’’.  

ექიმები ნასვამ კაცს მანქანაში აწვენენ და წვეთოვანს უდგამენ.  ექთანი ნ.დ-ს  ეუბნება, რომ საავადმყოფოში გადაყვანაა უმჯობესი: ‘’სჯობს, რომ გადავიყვანოთ. უგონოდაა. გული რომ აერიოს, უგონოდ ყოფნის გამო შეიძლება დაიხრჩოს’’-ეუბნება ექთანი ნ.დ-ს

,,კარგად იქნება?’’ – ყვირის მეორე ნასვამი კაცი. ‘’კი კარგად იქნება’’-პასუხობს ნ.დ

სამედიცინო უნივერსიტეტის შესასვლელი სტუდენტებითაა სავსე.  ადრე თუ სამედიცინო უნივერსიტეტში აბიტურიენტები მშობლების თხოვნით აბარებდნენ, დღეს ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სკოლაა საქართველოში.  წლების წინ უნივერსიტეტის გაცრეცილი კედლები, ახლა ყავისფერ, თეთრ და ცისფერ ფერებშია შეღებილი. როგორც ნ.დ ამბობს, გარემო ადრინდელთან შედარებით უფრო მოწესრიგებულია.

სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის თქმით, უნივერსიტეტში სწავლა რამდენიმე წლის წინაც საკმაოდ რთული იყო. სტუდენტებს სასურველი შედეგის მისაღწევად  ბევრი შრობა და მუშაობა სჭირდებოდათ.

ნ.დ-ს  2008 წლის აგვისტოს ომში მორიგეობა ხშირად უწევდა. ამ პერიოდიდან ერთი შემთხვევა განსაკუთრებულად ახსოვს: გორიდან მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი მიუყვანეს. ჯარისკაცს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა და სისხლდენას დიდი ხანი ვერ უჩერებდნენ.

‘’სულ სისხლიანი ვიყავი. მედიკამენტებსა და საჭირო აღჭურვილობებს ერთმანეთში სწრაფად ვანაცვლებდი. ვჩქარობდი და თან ძალიან ფრთხილად ვაკეთებდი ამ ყველაფერს. გთხოვ გაუძელი, წამდაუწუმ ვიმეორებდი და ყელში რაღაც მახრჩობდა. მაშინ მივხვდი, რომ არც ისეთი ძლიერი ვარ , როგორიც უნდა ვიყო და ადამიანური ფაქტორები და შიში ხშირად მძლევს ხოლმე’’ -ამბობს ნ.დ

სისხლდენამ გულის გაჩერება გამოიწვია. დეფიბრილატორის (გულის შეკუმშვისა და ამუშავების აპარატი) გამოყენება აუცილებელი გახდა. მისი გამოყენების შემდეგ პაციენტი გონზე მოიყვანეს, სისხლდენა შეუჩერეს და უახლოეს სტაციონარში გადაიყვანეს.

‘’მაშინ დავრწმუნდი , რომ ხშირად ექიმები პაციენტისთვის ყველაფერს აკეთებენ, თუმცა შეიძლება ხელი პაციენტის ორგანიზმა არ შეგიწყოს. კიდევ კარგი მაშინ მისი გადარჩენა შევძელი. ეს შემთხვევა რომ მახსენდება , თითქოს უფრო ამაყი ვარ ხოლმე.’’-ამბობს ნ.დ

 

პროფესიამ ნ.დ-ს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა: ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება მიიღო, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნო და უფრო გამბედავი გახდა. როგორც თვითონ ამბობს, სიყვარულსა და თანაგრძნობას თითოეული პაციენტის მიმართ განიცდის.

‘’ხომ გაგიგიათ ერთი გამონათქვამი:  თუ ავადმყოფსა და ექიმს შორის სიყვარული და თანაგრძნობა არ არის, ექიმობაც უქმია. ეს მართლაც ასეა’’-ამბობს ნ.დ

ნ.დ სწავლის გაგრძელებას გერმანიაში აპირებს. როგორც თვითონ ამბობს,  მისთვის სასწრაფოში მუშაობა დიდი გამოცდილებაა, თუმცა უნდა რომ მეტს მიაღწიოს , ცოდნა გაიღრმავოს და უფრო წარმატებული ექიმი გახდეს.

‘’ნ.დ ძალიან მიზანდასახული, ძლიერი და პრინციპული ადამიანია. ყველა თანამშრომელთან ერთნაირი მეგობრული ურთიერთობა არ აქვს, თუმცა მას ყველა პატივს სცემს. ვფიქრობ, რომ მის მიზნებს აუცილებლად მიაღწევს და გერმანიაში მიღებულ ცოდნას კარგად გამოიყენებს’’-ამბობს ნ.დ-ს თანამშრომელი.

ღამის 3 საათია და რაცია თავის დანიშნულებას ამ დროსაც ასრულებს. მისგან ხმა დაუსრულებლად ისევ ისმის: ‘’გამოძახება.. მისამართი.. პაციენტის მდგომარეობა.. სახელი, გვარი…’’ . ნ.დ აღჭურვილობას იღებს, სასწრაფოს მანქანაში ჯდება და მიმდებარე ტერიტორიას მალევე ტოვებს. სასწრაფო მანქანის ნათურები კი მოხვედრის ადგილას, ღამის სიბნელეს ცისფრად ანაცვლებენ.